ბეთანიის მონასტრის ისტორია |
XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, როგორც დიდი ფეოდალების ორბელიანებისათვის აშენებული განსასვენებელი. ბეთანიის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნის მიწურულს XIII საუკუნის პირველ წლებში აიგო, წმინდა კეთილმსახური მეფის, თამარის ზეობისას. მის ადგილას უფრო ძველი და პატარა აგურის საყდარი იდგა, რომელიც X თუ XI საუკუნეს განეკუთვნებოდა.
გადმოცემით, წმინდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმინდა მეფე თამარის ფრესკა. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის შესამოსელითა და ტაძრის მოდელით ხელში გამოხატულია ქტიტორის დიდი პორტრეტი - ეს არის სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. იგი სამეფო კარის სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა მეფე გიორგი Ⅲ-ს. გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები ყოფილმა დიდებულმა, აწ კი სიმდაბლით აღვსილმა ბერმა სიმონმა (სუმბატ ორბელიანი) საგვარეულო საძვალეში - კარიბჭის ქვეშ მოთავსებულ აკლდამაში გაატარა და აქვე აღესრულა კიდეც. მონასტერში იმის კვალიცაა შემორჩენილი, რომ ბევრჯერ მისულა იგი სრული მივიწყებისა და გაქრობის პირას. დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.
XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: "შეეწიეთ მონასტერს!" აი ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმინდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი. აი, სულ ეს ვიცით სავანის ისტორიიდან. არსებობს კიდევ ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ. ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია, და ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, მაგრამ ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძებნა და ხეობის ფსკერზე იპოვეს ისინი, ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე. ყველამ ერთხმად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს. შესაძლოა ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშვნელობა განსაკუთრებით, ჩვენი ბოლო ჟამისთვის, როცა ბერ-მონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან. ბეთანია xx საუკუნეში საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება. მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა და მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბეთანიაში დაჰყო, საიმედო თანამდგომთა გარეშე იღვაწა. 1896-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა, საკმარისად გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი, ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთიდან გამოძევების შემდეგ, 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა იქ არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძესთან) ერთად. ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ, შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც უხდიდა. სინამდვილეში კი აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში, ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა, ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ და ჯვარსაც სწერდნენ და სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც. 1954 წელს ბეთანიაში ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელ-მონაზვნადაც აკურთხეს. იგი ფრიად კარგი ბერი და მოძღვარი, შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული ძალა იყო თავმოყრილი. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, 1960 წელს კი ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც, რომელიც ტუბერკულოზით დაავადდა. თუმცა მისი ნაადრევი აღსასრული მხოლოდ ავადმყოფობის შედეგი როდი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც მონასტერს ყაჩაღები დასცემიან და ფული და ოქრო მოუთხოვიათ, იყო ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც. ერთხელ ქალაქიდან მარტო მიმავალ მამა ბასილს ვიღაცეები დახვდნენ და საშინლად სცემეს, ისე, რომ იგი ძლივს მილასლასდა მონასტრამდე. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი მალე გარდაიცვალა. მამა ბასილი ნათესავებმა თეკლათის მონასტერში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. ასე დარჩა მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო. სამწუხაროდ, იმ ხანებში არ გამოუჩნდა მას ღირსეული მიმდევრები და მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა. მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს. წმიდა მამათა კანონიზაცია მოხდა 2003 წლის 18 სექტემბერს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ის თავმჯდომარეობით გამართულ წმ. სინოდის კრებაზე. წმ. სინოდმა განაჩინა: არქიმანდრიტი იოანე(მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე)სქემაში იოანე ათეისტურ პერიოდში საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის შერაცხულ იქნან წმინდანად და სახელად ეწოდოთ: იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი, მათი ხსენების დღედ დაადგინეს ძველი სტილით 8 სექტემბერი და ახალი სტილით 21 სექტემბერი. 1978 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავლებელი. მხოლოდ 80 იანი წლების დასასრულისათვის, ბეთანიის მონასტრის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოებრივ წყობასა და საზოგადოებაში; შეიცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაიწყო ახალი ეკლესიებისა და მონასტრების ამოქმედება. მაგრამ ამ დრომდე საქართველოში ბეთანია რჩებოდა თავისებურად ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც სასიხარულო და მანუგეშებელი თავშესაფარი იყო ბევრი, ძალიან ბევრი მორწმუნისათვის. პირველ წლებში სავანეში მხოლოდ წინამძღვარი და ორი მორჩილი ცხოვრობდა, დანარჩენი კი მხოლოდ სტუმრები იყვნენ, მომსვლელ-წამსვლელნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონასტერში დიდი ხნითაც რჩებოდა. შემდეგ კი უფრო სერიოზულად და თავდადებით განწყობილმა ქრისტიანებმა იწყეს მოსვლა, რომელთაც აღარ სურდათ უკან დაბრუნება. ათეისტური იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების მთელი არმია აღიზარდა და ძალზე ბევრნი, დღევანდელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, არქიმანდრიტები და თვით ეპისკოპოსებიც ოდესღაც თავიანთ გზას აქ - ბეთანიაში იწყებდნენ. მათ კარგად ახსოვთ ღვთისმშობლის შობის ეს სავანე და მასზე ძალიან თბილადაც საუბრობენ. ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრებიც ანთებულიყვნენ. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა. |